X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ხშირად დასმული შეკითხვები

30 ნოემბერი 2016

·   რა უნდა მოიმოქმედოს 9 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად მცხოვრებმა პირმა სტატუსის მისაღებად?

სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკური პირი განცხადებით მიმართავსშესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს. განცხადებას უნდა დაერთოს:

ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები;

გ) ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;  

დ) სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

·   საჭიროა თუ არა მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაცია მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის მისაღებად?

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსის მისაღებად მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაცია აუცილებელია, სხვა შემთხვევაში პირი ვერ მიიღებს სტატუსს.

 

·   რა შემთხვევაში უწყდება პირს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი?

პირს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი უწყდება, თუ იგი:

ა) გარდაიცვალა;

ბ) შეიცვალა რეგისტრაციის მისამართი (გარდა აღნიშნული პირის სხვა მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის შემთხვევისა);

გ) დატოვა მაღალმთიანი დასახლება, და არ უდასტურდება მასში 9 თვე და მეტი ვადით ცხოვრება.

დ) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;

ე) შესაბამისი მაღალმთიანი დასახლება ამოღებულ იქნა მაღალმთიან დასახლებათა ნუსხიდან. 

 

·   თუ პირი ფაქტობრივად ცხოვრობს ერთ მაღალმთიან დასახლებაში, ხოლო რეგისტრირებულია სხვა, მაგრამ ასევე მაღალმთიან დასახლებაში, რომელი მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა მიმართოს სტატუსის მისაღებად?

პირი, რომელიც ფაქტობრივად 9 თვეზე მეტი ვადით ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში და რეგისტრირებულია სხვა მაღალმთიან დასახლებაში ვალდებულია დარეგისტრირდეს იმ მაღალმთიან დასახლებაში, სადაც მუდმივად ცხოვრობს და მიმართოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელს/მერს სტატუსის მინიჭების თაობაზე.

 

·   რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მთის განვითარების ეროვნულმა საბჭომ მაღალმთიანი დასახლებათა ნუსხის შედგენისას?

მთის ეროვნულმა საბჭომ მაღალმთიანი დასახლებებისათვის სტატუსის მინიჭებისათვის დაადგინა სამი კრიტერიუმი:

1. დემოგრაფიული კრიტერიუმს დასახლება აკმაყოფილებს, თუ მისმა მოსახლეობამ წინა (2002 წლის) აღწერასთან შედარებით დაიკლო 25 %-ზე მეტად, ან  მოსახლეობის საშუალო ასაკი 40 წელზე მეტია. 

2. სასოფლო-სამეურნეო კრიტერიუმს დასახლება აკმაყოფილებს იმ შემთხვევაში,  მის მცხოვრებთა კუთვნილი  სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მთლიანი ფართის ან  სახნავ-სათესი მიწის ფართის ნახევარზე მეტი ვერ მუშავდება სტანდარტული სასოფლო-სამურნეო ტექნიკით,  რომელიც გამოიყენება ბარის პირობებში. 

3. მესამე კრიტერიუმი განსაზღვრავს დასახლების მუნიციპალური ცენტრიდან დაშორებასა და შესაბამისად, სახლემწიფო სერვისებთან  წვდომას. ამ კრიტერიუმით გათვალისწინებულია მუნიციპალური ცენტრიდან დასახლებამდე არსებული გზის ხარისხი და სირთულე, ასევე, დასახლების ზღვის დონიდან სიმაღლე.